środa, 20 sierpnia 2008

მშვიდობის გეშინოდეთ, ხალხო... [Video]


[მაკა წიკლაური, მიშიკო სტალინსკი]
დღეისათვის, რეგისტრაცია შიდა ქართლიდან, იძულებით ადგილმონაცვლებულმა 60-მა ათასმა დევნილმა გაიარა. მათი ნაწილი უკვე განთავსდა სხვადასხვა დროებით საცხოვრებელში, ნაწილი კი დღემდე თავშესაფარს ეძებს.

”პრესა.გე” რამდენიმე ასეთ დროებით საცხოვრებელს ესტუმრა, რომელიც ქალაქ თბილისის, ხელოვნების მე-3 სამუსიკო სკოლის, მე-12 და 210-ე ბაგა-ბაღის შენობაში განათავსეს.

მუსიკალური სკოლა
ხელოვნების მე-3 სამუსიკო სკოლის შენობაში 200-მდე დევნილი ცხოვრობს. მათი უმეტესობა ქალაქ გორიდან და სოფლებიდან აჩაბეთიდან, ნიქოზიდან, ტყვიავიდან და ტირძნისიდანაა.

ისინი დღემდე საკუთარი ნათესავების და ახლობლების ძიებაში არიან და იმედოვნებენ, რომ ღმერთის წყალობით ცოცხლებს იხილავენ. ცხინვალიდან ერთ-ერთი დევნილი, გენადი გოგიაშვილი იხსენებს მასზე განხორციელებულ მოროდიორობის ფაქტს:

- ”სოფელში, რომ შევედი ქუჩაში არავის ჭაჭანება არ იყო. იქ მცხოვრებმა ოსის ქალმა, რომ დამინახა, მომაძახა: სად მიდიხარო? დავეჭვდი, რატომ მეკითხება-მეთქი და მანქანით გავყევი, რომ მივუახლოვდი, ავტომატის გასროლის ხმა გავიგონე. მოვტრიალდი და ოთხი იარაღიანი პირი დავინახე, რომლებმაც ტელეფონი წამართვეს, მაგრამ გამიშვეს. მაშინვე სახლისკენ გავეშურე. სახლი დაცხრილული დამხვდა, ფანჯრები ჩამსხვრეული, ავეჯი კი დალეწილი. ყურადღება არაფერს მივაქციე და ტანსაცმლის ჩალაგება დავიწყე. უცებ, ფეხის ხმა შემომესმა, რომ მოვტრიალდი, ორი ავტომატიანი, ქართულ ენაზე მოსაუბრე ოსი დავინახე. მაშინვე ფული და ძვირფასეულობა მომთხოვეს, მე, კი რაც გამაჩნდა ყველაფერი გამოვუტანე და ამით თავი გადავირჩინე, ეტყობა არ მეწერა სიკვდილი... ასე ”გამოვასწარი” ჩემი სახლიდან. მეორე დღეს გავიგე, რომ ჩემი ორივე მანქანა წაეყვანათ. აი, ასე დადიან და დათარეშობენ”, - იხსენებს ცხინვალის მკვიდრი.

უკვე მეხუთე დღეა, რაც მე-12-ე ბაგა-ბაღში განთავსებული დევნილი შიდა ქართლელები უცხო ჭერქვეშ ათენებენ ღამეს და ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ.

დევნილები კერძო შემოწირულობების ხარჯზე არსებობენ და ურთიერთთანადგომით გააქვთ თავი. მათ არაერთი მოუგვარებელი პრობლემა აქვთ. შენობაში არ დგას საწოლები, არ არის თეთრეული, პირადი ჰიგიენის საშუალებები, მედიკამენტები და ტანსაცმელი.

ბაგა-ბაღი №12
აქ 130 დევნილია განთავსებული. წლების მანძილზე უმოქმედოდ მიტოვებული შენობა საცხოვრებლად სრულიად გამოუსადეგარია. ნაგებობა ავარიულია. ამორტიზებულია წყალგაყვანილობა, კედლებიდან ჟონავს წყალი, შენობაში არ არის ელექტროენერგია და ელემენტარული საცხოვრებელი პირობები.

აღსანიშავია ის ფაქტიც, რომ დღემდე, შიდა ქართლიდან დევნილები, ღამეს ღია ცისქვეშ, საბავშვო ბაღში დამონტაჟებულ სკამებზე ათენებენ, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ შენობაში არამარტო საწოლები, არამედ დასაჯდომი სკამიც კი არ მოიპოვება.

არადა, დევნილებს შორის რამდენიმე ფეხმძიმე ქალბატონი, მეძუძური დედა, ჩვილი ბავშვები და მოხუცებულები არიან, რომლებიც სამედიცინო დახმარებას საჭიროებენ.

Presa.ge-სთან საუბრისას დევნილებმა გულისწყრომით აღნიშნეს, რომ მათი სატკივარით ხელისუფლება არ დაინტერესებულა, ხოლო როდესაც ადგილობრივ გამგეობას მიაკითხეს, ერთ-ერთმა ჩინოვნიკმა მათ მოთხოვნებთან დაკავშირებით მიუგო:

- ”ქვეყანაში ომია, გასაჭირია და აბა, სხვანაირად როგორ გინდათ,რომ იყოთ?”.

ამის საპასუხოდ, ტყვიავიდან დევნილი ლალი მჭედლიშვილი ჩვენთან საუბრისას ამბობს: ”კარგად გვესმის, რომ ომია და ჩვენ ვიწვნიეთ კიდეც მისი შედეგი, მაგრამ ასეც ხომ არ შეიძლება? ელემენტარულად გამოსაცვლელი ტანსაცმელი, დასაწოლი ადგილი და ჰიგიენური საშუალებები არ გაგვაჩნია. გვყავს ფსიქიკურად დაავადებული ადამიანი, რომელიც მედიკამენტებს საჭიროებს, ასევე ჰიპერტონიით დაავადებული ადამიანები, ასაკოვანი მოხუცები, რომლებიც მკურნალობას საჭიროებენ”.

- ”ჩვენ მარტო ყურადღებას ვითხოვთ. პირადად მე გთხოვთ დახმარებას, რომ ჩავიდე ტყვიავში და ჩემი მოხუცები ჩამოვიყვანო”, - გვეუბნება თვალზე ცრემლმორეული ქალბატონი და თავის გულისტკივილს გვიზიარებს.

- ”სოფელ ტყვიავში დედამთილ-მამამთილი დავტოვე. მეუღლე პატიმარი მყავს. სოფლიდან ჩემს მცირეწლოვან შვილთან ერთად გამოვიქეცი. აქ გავიგე, რომ სახლი დამიწვეს. რაც შეეხებათ მოხუცებს, მეუბნებიან, ცოცხლები არიანო, მაგრამ სიმართლე არ ვიცი”.

დღემდე ეს ადამიანები ადგილობრივი მოსახლეობის შემოწირულობებით არსებობენ და იმედი აქვთ, რომ მათ გასაჭირს ვინმე გულთან ახლოს მიიტანს.

ბაგა-ბაღი №210
აქ კი შიდა ქართლიდან იძულებით გადაადგილებული 200-მდე დევნილი ცხოვრობს. მათი უმეტესობა ქალაქ გორიდან და სოფელ ერედვიდან არიან. პრობლემები ყველგან თითქმის ერთნაირია: არ აქვთ საწოლები და თეთრეული. თუმცა, დევნილების თქმით, მათ საკვები პროდუქტების და ტანსაცმლის პრობლემა შედარებით მოგვარებული აქვთ, რისთვისაც პირველ რიგში მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლებს და კერძო პირებს უხდიან მადლობას, ვინც მათი სატკივარი გაითავისა.

P.S. მიუხედავად, საომარი მდგომარეობისა, ცხოვრება გრძელდება. 15 აგვისტოს, ხელოვნების მე-3 სამუსიკო სკოლის შენობაში კიდევ ერთი ქართველი დაიბადა. Presa.ge ულოცავს გოგიაშვილების ოჯახს ვაჟიშვილის შეძენას, მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრებას და ღმერთის წყალობას უსურვებს.




ძიება ბლოგში

Loading...